გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და პორტის კაპიტალი სრულად შეივსო

გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც “კვირას” “თიბისი ბანკიდან” აცნობეს, 5 თებერვალს ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველად მოეწერა ხელი ოფიციალურ დოკუმენტს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ინვესტირებასთან დაკავშირებით. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” გერმანიის და ნიდერლანდების სახელმწიფო ბანკების შემოსვლით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და პროექტის მშენებლობის კაპიტალიც სრულად შეივსო. როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
შეთანხმების თანახმად, DEG და FMO-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი ძლიერი ბანკების შემოსვლა ანაკლიის კონსორციუმში. ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს – გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს” , – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი დაასრულეს. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება და ამის შემდეგ პროექტის პროექტი ფინანსურად დაიხურება.
გერმანიის განვითარების ბანკი (DEG) KfW-ის საბანკო ჯგუფის წევრია. KfW არსებობის 70 წლიან ისტორიას ითვლის და სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტებს ახორციელებს, DEG – ის ამოცანას წარმოადგენს მნიშვნელოვან კერძო ბიზნეს ინიციატივებს ხელი შეუწყოს რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში.
FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს 9.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორთფელით. FMO კერძო სექტორის განმავითარებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობის გამო მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, ინვესტირებას სხვა ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ახდენს და წვლილი შეაქვს შესაბამისი ქვეყნების მდგრადი განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები