მოსახლეობასთან შეხვედრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. პროექტის ფარგლებში ბოლო კრება სოფელ კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობას, სასმელი წყლის სისტემის აღდგენას, ამბულატორიების რეაბილიტაციას, სანიაღვრეების, გარე განათებებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებები ყველგან უმრავლესობის ხმის მიხედვით იქნა მიღებული.
შეხვედრებს, სხვადასხვა დროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე ესწრებოდნენ.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მოსახლეობა თავად ადგენს პრიორიტეტებს. მთავრობის გადაწყვეტილებით თავდაპირველად გამოყოფილი თანხა ყველა სოფელს გაუორმაგდა, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
ცნობისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 59 სოფელში გაიმართა. საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირველ მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები