“საგარეო მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა უნდა განვიხილოთ საქართველოს პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში”
„საგარეო მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა უნდა განვიხილოთ საქართველოს პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„საერთაშორისო გარემოს, მასში ჩვენი ქვეყნის როლისა და ჩვენ წინაშე არსებული საშინაო და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად მიზანს, რასაც ემსახურებოდა საგარეო ასპარეზზე გადადგმული თითოეული ჩვენი ნაბიჯი:
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარება.
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.
ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავება. დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების უზრუნველსაყოფად, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზება.
ქვეყნისთვის კრიტიკული საკითხების ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, მნიშვნელოვან მოვლენებზე საგარეო კომუნიკაცია.
პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება. გასულ წელს საქართველოს ესტუმრა ათზე მეტი უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაცია. გასულ წელს დაფუძნდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სხდომა თბილისში გაიმართა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წლის ამერიკის შეერთებული შტატებში გამართული ვიზიტი გაიხსენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
მისივე თქმით, საქართველოს გასულ წელს ათზე მეტი უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა და ასევე დაფუძნდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სხდომა თბილისში გაიმართა.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ასამბლეა ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, თანამშრომლობასა და განვითარებას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ასამბლეა ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, თანამშრომლობასა და განვითარებას, აგრეთვე პარლამენტის წევრებს შორის ადამიანური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამასთან, ეს არ არის ჩვენი ქვეყნების ერთადერთი ერთობლივი ინიციატივა. მოგეხსენებათ, გასულ წელს, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, სპიკერების დონეზე გვქონდა ერთობლივი წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, ყოველწლიურად იმართება სამმხრივი საპარლამენტო კონფერენცია, აქტუალურ საკითხებზე ვიღებთ ერთობლივ განცხადებებს, რეზოლუციებსა და მიმართვებს. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – პოლონეთთან ერთად დავაფუძნეთ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, რამაც ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა უფრო მეტად კოორდინირებული და აქტიური უნდა გახადოს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის სასახლე ღია იყო ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან ურთიერთობა და საპარლამენტო პროცესებში ჩართულობა, საპარლამენტო დიპლომატია, პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, საზოგადოების მედეგობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლე ღია იყო ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან ურთიერთობა და საპარლამენტო პროცესებში ჩართულობა, საპარლამენტო დიპლომატია, პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, საზოგადოების მედეგობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ კონტექსტში, დიდი ინტერესით ვუმასპინძლეთ, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მესამე საერთაშორისო კონფერენციას და სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმს. ვიყენებდით მრავალმხრივ ფორმატებს, მათ შორის, ეუთოს, ნატოს, ევროსაბჭოსა და სხვა ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და ამ ასამბლეების საკომიტეტო ფორმატებს. მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კავშირის სესიებში, სადაც გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, აზიის, აფრიკის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან გვესაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენი აქტიური მონაწილეობით, მნიშვნელოვან დოკუმენტებში აისახა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები, რომლებსაც აქვს ჩვენთვის სასარგებლო როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი, ისე ფინანსური შედეგები“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით მნიშვნელოვან დოკუმენტებში აისახა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები, რომლებსაც აქვს ქვეყნისთვის სასარგებლო როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი, ისე ფინანსური შედეგები.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა მიიღეს განცხადებები, რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და პარტნიორობის პოტენციალის სრულად ათვისებას. ვცდილობთ საპარლამენტო კავშირების დამყარებას ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან. ამ მიზნით, ისტორიაში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ვეწვიეთ უზბეკეთსა და იორდანიას. მეგობრობის ჯგუფებმა ხელი შეუწყვეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ხალხებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის გაძლიერებას. ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის პარლამენტში დაფუძნდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი; რუმინეთში ვიზიტის დროს მოხდა პირდაპირი საჰაერო ფრენების ინიცირება ორ ქვეყანას შორის; აშშ-ის კონგრესის დოკუმენტებში კი, მათ შორის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტსა და 2018 წლის ასიგნებების კონსოლიდირებულ აქტში, გაიწერა საქართველოს მხარდამჭერი მთელი რიგი დებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.