„პარლამენტი ზრუნავს ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე“
„პარლამენტი ზრუნავს ჩვენი მაღაროელების, მშენებლების და სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის მკაფიო გამოძახილი იყო ის მკაფიო კონსტიტუციური გარანტიები, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონის ახალ რედაქციაში აისახა.
„ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე. პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიზანია განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი; დადგინდეს ქმედითი და ეფექტიანი აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ჩარჩო. იმედი გვაქვს, რომ მთავრობასთან ერთად, ამ სფეროში რაც შეიძლება სწრაფად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ.
საგულისხმოა, რომ ჩვენ ვესწრაფვით მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას ყველა მიმართულებით, სადაც საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თამბაქოს მოხმარების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის და სხვა მომიჯნავე სფეროებში. ცალკე აღსანიშნავია გარემოს დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, რაც გამოხატული იყო ჩვენი დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებასა და გაფართოებაში; ტყის ეროვნული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებაში; შავი ზღვის დაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად ნორმატიული ბაზის დადგენაში და ა.შ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად.
„საქართველოს პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქმნის რა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება; ორგანიზაციებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება; ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება; ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო სანქციების შემსუბუქება და სხვ. მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა შექმნა საკანონმდებლო საფუძველზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის სპეციალური სოციალური დახმარების გამოყოფის მექანიზმი. მწვავეა ჭარბვალიანობის პრობლემაც. მის დასაძლევად, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იმოქმედებს მოსახლეობის ფართო ფენებზე. მსესხებელს შესაძლებლობა ექნება აიღოს იმ რაოდენობის სესხი, რის მომსახურებასაც შეძლებს. ის გარემოება, რომ მსესხებელი თავისი შემოსავლებით და ლიკვიდური აქტივებით მოემსახურება სესხს, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შექმნას. ამ ყველაფრის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის ზრდა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის როლზე.
„უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ხარჯების ფინანსური ანგარიშვალდებულების ეფექტიანობის შესრულების ანგარიშში (რომელიც აფასებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბიუჯეტის განხილვის მასშტაბსა და მახასიათებლებს), საქართველოს პარლამენტმა წინა (2013 წლის) შეფასების მსგავსად, უმაღლესი (A) შეფასება დაიმსახურა. ამასთან, წინა შეფასებისგან გაუმჯობესებული შეფასება გამოვლინდა აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმების კომპონენტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
საქართველოს პარლამენტმა გასული წელი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით არსებული საჭიროებების ანალიზსაც დაუთმო. კერძოდ, განხორციელდა მასშტაბური ინიციატივა, რომლის ფარგლებში ქვეყნის რეგიონებსა და თვითმმართველობებში, მოსახლეობასთან და დაინტერესებულ სუბიექტებთან „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა. აღნიშნული ინიციატივა ემსახურებოდა საზოგადოების ფართო ფენების მოსაზრებების პროექტში ასახვას. ჩვენ დაწყებულ საქმეს უახლოეს მომავალში ბოლომდე მივიყვანთ და მივიღებთ ამ სფეროს მარეგულირებელ დახვეწილ კანონს.
პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება, რაც გამოხატული იქნება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. ასევე, საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი მიიღებს ორგანულ კანონს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია. ასევე, მივიღებთ კანონს საქართველოში უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციის უზრუნველსაყოფად. აქტიურად ვიმუშავებთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელმაც სათანადოდ უნდა უპასუხოს ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობასთან, ბავშვების სიღარიბესთან, ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს. გარდა ამისა, პარლამენტი 2019 წელს იმუშავებს სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შშმ პირთა დაცვის შესახებ კანონზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის გუნდის სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც საზოგადოება კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას რეგულარულად მიიღებს.