„ათი ათასობით აგრესიული მძღოლი გვყავს, რომლებიც საშიშები არიან“ – რას გულისხმობს შსს-ს კანონპროექტი საგზაო უსაფრთხოებაზე

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი საგზაო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივას ეხმაურება. საუბარია დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულები დააკლდებათ.
„რაც შეეხება ქულათა სისტემის კამერებთან ბმას, როცა 2 წლის წინ საუბარი იყო ქულათა სისტემის შემოღებაზე, ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, გამოვედით ინიციატივით, რომ ეს პირდაპირ ყოფილიყო კამერებთან ბმაში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშია. მაშინ, რადგან პირველი ტალღა იყო, საბოლოო ჯამში შევთანხმდით, დავეთანხმეთ სამინისტროს, რომ ეს ჯერჯერობით პოლიციის ხელში ყოფილიყო.
ბოლო ორმა წელმა გვიჩვენა, რომ 20-ზე მეტი მძღოლი, რომლებსაც ქულათა განულების გამო შეჩერებული აქვთ მართვის მოწმობა, არ გამოვლინდა. იმიტომ კი არა, რომ არ გვყავს აგრესიული მძღოლები, ათი ათასობით მძღოლი გვყავს ასეთი, რომლებიც საშიშები არიან ყოველდღიურად, არამედ იმიტომ, რომ ამის ადმინისტრირება არის ძალიან რთული ადამიანის ხელით. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ შსს მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ქულები იყოს პირდაპირ მიბმული კამერებთან და კამერები ახორციელებდნენ სრულფასოვნად საგზაო დარღვევების კონტროლს“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულები დააკლდებათ.
„საგზაო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და დასჯადი ქმედებების გაფართოება ხდება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი.
ცვლილების თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1 და 1.1 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე (სიჩქარის გადაჭარბება) გავრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი. ცვლილებით განისაზღვრება მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ამოქმედების ვადა,“-აღნიშნულია პროექტში.
შსს-ს განმარტებით, პროექტის შემუშავება საგზაო მოძრაობის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით არის განპირობებული.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები