“ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია”

აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი არის პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური პრეროგატივა. 2018 წელი ამ კუთხით დატვირთული იყო – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია.
“როგორც მოგეხსენებათ, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი არის პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური პრეროგატივა. 2018 წელი ამ კუთხით დატვირთული იყო. შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია. კომისიას ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი. აღნიშნულმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო დასკვნა, ხოლო ამის შემდგომ საქართველოს პარლამენტმაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების პროცესი გრძელდება და ის დარჩება მკაცრი საპარლამენტო დაკვირვების ქვეშ. 2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა მთავრობისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები. პარლამენტის პლენარულ თუ საკომიტეტო მოსმენებზე მოხსენებებით რეგულარულად გამოდიოდნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, სხვა კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. პარლამენტი ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მუდმივ მონიტორინგს. განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3, 6 და 9 თვის ანგარიში და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. 2018 წლის მანძილზე შესაბამის უწყებებს გაეგზავნა 500-მდე სადეპუტატო კითხვა. პარლამენტის კომიტეტებში გასული წლის მანძილზე შემოვიდა და დამუშავდა მოქალაქეთა ათასობით განცხადება, რომლებზეც პარლამენტი რეგულარულად ახდენდა სათანადო რეაგირებას. მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ჩატარდა საკომიტეტო მოკვლევა  თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ და დაიწყო მეორე საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ჩვენ ახალ საპარლამენტო წელს ვხვდებით კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით. მათ შორის: ინტერპელაციის დახვეწილი პროცედურით; პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით; დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის გამარტივებული წესით; მინისტრის საათით; კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ მინისტრის დაბარების უფლებით და სხვა ბერკეტებით, რომლებიც ინსტიტუციურად აძლიერებს პარლამენტს, აძლიერებს საპარლამენტო სუბიექტებს, მათ შორის, ოპოზიციას, ხოლო პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობებს ხდის უფრო დახვეწილს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის ფუნქციის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფის როლი, რომლის მანდატიც დაზუსტდა ახალი რეგლამენტით. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2019 წელი იქნება გამორჩეული პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად გააზრებისა და განხორციელების ინტენსივობის კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები