„ახალგაზრდა ადვოკატები“: პირადი ცხოვრების ხელყოფის კანონმდებლობა კიდევ მეტად უნდა გამკაცრდეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაიწყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება და შესაბამისი ცვლილებების მომზადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ვინაიდან დაცული სიკეთის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს სრული და უპირობო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა და დანაშაულის მიმართ მოსალოდნელი სასჯელის სწორი საზოგადოებრივი მოლოდინები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 1571-ე მუხლები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება, მართალია, დანაშაულის მიმართ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, მისი საჯარო საშუალებებით გავრცელების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და ანგარებით, არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თუმცა დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმიდან, უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს კიდევ უფრო მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა გააჩნდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მქონე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გასაჯაროებას და მოითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მსხვერპლი, ბოლო წლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი საჯარო სტატუსის მქონე პირი გახდა, რაც ემსახურებოდა აღნიშნული პირების საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტატუსის დისკრედიტაციას, მორალურ ტერორს და საქმიანობიდან ჩამოშორებას.
“ორგანიზაცია მოითხოვს, მეტი სიცხადე და პასუხისმგებელთა წრე გამოიკვეთოს საქართველოს პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას მიმართ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტსა და დანაშაულზე. პოლიტიკოსის განცხადებით, უკანონო მასალის გავრცელება ემთხვევა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან პრინციპულ შეუთანხმებლობას, ღია დაპირისპირებას, უკანონო მასალა წარმოადგენდა ერთ-ერთი საქმის მტკიცებულებას, არ გამოირიცხება ყოფილი მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესები და დანაშაულის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადება, არ გამოირჩეოდა პრინციპულობით. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური ნიშნით და მიზნით ჩადენილ დანაშაულს. ამიტომაც, სახელმწიფომ ობიექტური გამოძიების პირობებში, საზოგადოების ყველა კითხვას, ძალიან მოკლე დროში, პასუხი უნდა გასცეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მართალია, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია და საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები მაღალი სტანდარტით შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, თუმცა ამ დრომდე, კვლავ პრობლემად რჩება გამოძიების ეტაპი. შესაბამისად, პროცესი მოითხოვს მეტ სანდოობას და ეფექტიანი მოქმედებების განხორციელებას, რათა შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო”, – ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები