შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობამ დასაქმებულთათვის დაგროვებითი პენსიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ბათუმის ნავთობტერმინალი დასაქმებულებთან ფართომასშტაბიან ახსნა-განმარტებით სამუშაოს ატარებს. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობამ როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე, თავად დასაქმებულებისთვის, მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები ჩაატარა „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ, რომელიც საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობამ ჩაატარა რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები, კომპანიაში დასაქმებულებს შორის ფართომასშტაბიანი ახსნა-განმარტებითი სამუშაოს ჩასატარებლად.
„2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პერსონალის მართვის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების (ფასს) განყოფილებების დასაქმებულებმა, ასევე, კომპანიის იურისტებმა მიმართეს აუდიტორულ-საკონსალტინგო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“, საკონსალტინგო მომსახურების მისაღებად, დაგროვებითი პენსიის სისტემის დანერგვისა და მასში დასაქმებულების მონაწილეობის პირობების საკითხებთან დაკავშირებით. მიღებული ცოდნის საფუძველზე, ასევე, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინსტრუქციებისა და სხვა მასალების საფუძველზე, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილებამ შეიმუშავა პრეზენტაცია, პროგრამაში მონაწილეობის მექანიზმის, ასევე, საქართველოს დაგროვებითი პენსიის სისტემაში სავალდებულო და ნებაყოფლობით მონაწილეობასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებულთათვის გასაცნობად.
9 სამუშაო დღის განმავლობაში, 2019 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 18 იანვრამდე, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილებისა და პერსონალის მართვის განყოფილების დასაქმებულების მიერ, კომპანიის ყველა დასაქმებულისა და პროფკავშირისთვის ჩატარდა 18 პრეზენტაცია და განმარტებები ახალშემოღებული კანონის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და რუსულ ენებზე.
პრეზენტაციის ჩატარების მთელი პერიოდის მანძილზე, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 436 დასაქმებულმა, ანუ საშტატო რიცხოვნობის თითქმის 80%-მა. პრეზენტაციის ინტერაქტიული ფორმა შეიცავდა ახალი კანონის ვრცელ ანალიზს და ასევე, აქტიურ მსჯელობას აუდიტორიასთან გამოთვლის მექანიზმის კონკრეტულ მაგალითზე. ჩატარებულმა ახსნა-განმარტებითმა სამუშაომ ბევრ დასაქმებულს მისცა საშუალება, გაეგო საკითხი და გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს დაგროვებითი პენსიის პროგრამაში ნებაყოფლობითი მონაწილეობისათვის მზადყოფნის შესახებ.
2019 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, პერსონალის მართვის განყოფილებას მიღებული აქვს 14 დასაქმებულის განცხადება, პროგრამაში ნებაყოფლობით გაწევრიანების შესახებ. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი დამსაქმებელი, ზრუნავს თავისი დასაქმებულების მომავალ ფინანსურ კეთილდღეობაზე და აგრძელებს ახსნა-განმარტებით სამუშაოს დასაქმებულებთან, ყველა წამოჭრილ საკითხზე, ასევე გრძელდება განცხადებების მიღება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები