სოსო ფხაკაძე: 2% არ არის ისეთი ხარჯი, რომ ბიზნესმა ვერ გაუძლოს
“2% არ არის ისეთი ხარჯი, რომ ბიზნესმა ვერ გაუძლოს”, – ასე პასუხობს „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, 2%-იანი საპენსიო შენატანი არ არის ის ხარჯი, რის გამოც შესაძლოა, დამსაქმებელმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვოს.
„გასული წლის ბოლოს, ძალიან ეფექტური კომუნიკაცია იყო ბიზნესთან. მე არ მგონია, ეს ბიზნესს ისეთ ხარჯად დააწვეს, რომელსაც ის ვერ გაუძლებს. 2% არ არის ის თანხა, რის გამოც ადამიანი შეიძლება რომელიმემ დაითხოვოს სამსახურიდან. თითოეული ბიზნესმენი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რას მოიტანს ეს რეფორმა გრძელვადიან პერიოდში. თითოეულ ჩვენგანსაც ექნება საპენსიო ასაკი და ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, -აცხადებს სოსო ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რის თანახმადაც, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.