რატი იონათამიშვილი: დავდგეთ ერთად და დავიცვათ სხვების სიცოცხლე იგივე საფრთხისგან
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი დღეს ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში 7 ადამიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ სხვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იგივე საფრთხისგან.
„მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი შვიდი თანამოქალაქე, რომლებიც ერთად შრომობდნენ და მუშაობდნენ თავიანთი ოჯახებისთვის… ასეთ დროს, თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ ერთად და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები, რადგან ერთადერთი, რაც შეგვიძლია, დავიცვათ სხვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იგივე საფრთხისგან… მაგრამ, როდესაც ადამიანს, ამ ტრაგედიის ფონზე, რჩება იმის რესურსი, რომ იფიქროს საკუთარ თავზე და ეცდება ქულების დაწერას, ვფიქრობ, რომ სინდისზე უარის თქმასთან ერთად უპატიებელ შეცდომასაც უშვებს… მივმართავ ალეკო ელისაშვილს, სირცხვილია, როცა ამ დროს ჩნდები ეკრანზე და საუბრობ იმაზე, ვის „გასდის შენთან ძველბიჭობა” და ვის – არა. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, ყველაზე ამაზრზენი და უღირსი საქციელი. ბევრისგან ამას მიჩვეული ვარ, მათგან არ მიკვირს და ვწუხვარ, რომ დღეიდან შენც მათ რიცხვში ხარ”, – წერს თავის „ფეისბუკგვერდზე“ რატი იონათამიშვილი.
„ყაზტრანსგაზის” ცნობით, დღეს ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.