შაქარიშვილი: ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილის, მიქაუტაძის ხელში ადამიანების ბედის დატოვება არ შეიძლება
მოსამართლე მეთოფიშვილის, მიქაუტაძის, ჩინჩალაძის, მურუსიძის ხელში ადამიანების ბედის დატოვება არ შეიძლება. ამ ადამიანების ხელში არ შეიძლება მართლმსაჯულების ბერკეტების აღმოჩენა, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს გვთავაზობენ და საზოგადოებას გონორით ესაუბრებიან.
„ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და ვიცნობდით, როგორ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პაიკებს, დღეს, სამწუხაროდ, მხედრებად გადაიქცნენ, მოსამართლეებს ვგულისხმობ. ისინი დღეს სხვადასხვა ტელეეთერებიდან საკუთარ უბიწოებაზე, უკონკურენტობაზე, სამართლიანობაზე გვესაუბრებიან. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
ვიქნები ყველა პროცესის მომხრე, რომელიც მოემსახურება რეჟიმის შეფასებას, მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას. დღეს ის ვითარებაა, როცა პირველადი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომელთაც სურთ ამ ქვეყანაში თავზე მოასხდნენ ქართულ სასამართლოს და მართლმსაჯულებას.
ეს ადამიანები დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს გვთავაზობენ, საზოგადოებას გონორით ესაუბრებიან. ეს ადამიანები მე შევაფასე, როგორც პარაზიტები, იმიტომ რომ ჩასახლდნენ დღევანდელ რეალობაში, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში და პირობებში ჩასახლდნენ, გაძლიერდნენ. მათ სასამართლოს ყველა ინსტანციის კონტროლი სამუდამოდ მოინდომეს. ჩვენ ამ ადამიანებს ვერ ვენდობით.
მეთოფიშვილის, მიქაუტაძის, ჩინჩალაძის, მურუსიძის ხელში ადამიანების ბედის დატოვება არ შეიძლება, ამ ადამიანების ხელში არ შეიძლება მართლმსაჯულების ბერკეტების აღმოჩენა. ისინი აღარ არიან მოსამართლეები, შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ამავე დროს, იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობაზე განცხადება აქვთ შეტანილი. ეს ერთად არ გამოვა. გაიხადონ მანტიები, შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე და მიიღონ, თუნდაც, არჩევნებში მონაწილეობა და მერე ნახავენ თავიანთ რეიტინგებს”, – განაცხადა შაქარიშვილმა.
თამუნა შეყილაძე