საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა 2019”-ის პრეზენტაცია გაიმართა
31 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ, კულტურის და განათლების ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ქავთარაძემ, კინოფესტივალის „თაობა“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ პრეზენტაცია-წარდგენა გამართეს.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ საერთაშორისო ფესტივალის მიზნებსა და სიახლეებზე, მის ფართო მასშტაბსა და მრავალფეროვან პროგრამაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხა თბილისის მერიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და პარტნიორ ორგანიზაციებს. ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მზარდ პერსპექტივაზე – მასში 7 ქვეყნის წარმომადგენელი 500-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსები, გაძლიერდება საგანმანათლებლო კომპონენტი. სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი თოდაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის კინოფესტივალი „თაობა“ მაღალ დონეზე ჩატარდა და კიდევ მეტი წარმატება უსურვა მომავალ ფესტივალს.
სპიკერებმა ისაუბრეს კინოფესტივალის ძირითად პროგრამაზე, ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობაზე, მოწვეულ სტუმრებზე, მონაწილეობის წესებსა და პარტნიორ უცხოურ კინოფესტივალებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის შესაძლებლობებზე.
2019 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ტარდება საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“. ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან ეროვნული სასახლის FB გვერდსა და www.taoba.cef.org.ge-ზე არსებული განაცხადის ფორმის შევსებით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს შეარჩევს. აღსანიშნავია პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას კინოხელოვნებით დაინტერესებული 19-21 წლის სტუდენტები მიიღებენ.
პროექტის მიზანია კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება, ახალგაზრდებისთვის რბილი უნარების განვითარება და მათი ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემების შესახებ დიალოგში. ასევე, კინოხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პროფესიული უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.
პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.
R