შაქარიშვილი: მოსამართლე გვრიტიშვილის განცხადება ბესელიაზე, ყველანაირი წითელი ხაზის გადალახვაა
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც გვრიტიშვილმა ეკა ბესელიას შესახებ გააკეთა.
მოსამართლემ პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეკა ბესელიას “შექმნილი სიტუაცია ხელს აძლევს”. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩანაწერის გავრცელება ეკა ბესელიას აწყობდა და თავად მოაწყო, გვრიტიშვილი პასუხობს, რომ “არ იცის, თუმცა, ზოგადად, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”.
როგორც შაქარიშვილი აცხადებს, გვრიტიშვილის განცხადება ყველანაირი წითელი ხაზის გადალახვაა.
„იჯდა გუშინწინ მოსამართლე, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი მოსამართლეა და მანტია აცვია, მან პირდაპირ, უტიფრად გაახმოვანა მათი, ამ ჯგუფის კოლექტიური მოსაზრება და დააბრალა ქალბატონ ეკა ბესელიას კადრების გავრცელება. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის უფრო დიდი ბოროტება და დანაშაული მისი მხრიდან ჩადენილი, ვიდრე თავად კადრების გამავრცელებელი ადამიანების მოქმედება. ეს არის შეურაცხყოფა, ყველანაირი წითელი ხაზის გადალახვა მათი მხრიდან“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
კითხვაზე, ვის ინტერესებშია კადრების გავრცელება, შაქარიშვილი აცხადებს, რომ „აქ მოსაზრებები, ვარაუდები უადგილოა“.
„დარწმუნებული ვარ, შსს ყველაფერს გააკეთებს, გონივრულ ვადებში, ამ ამაზრზენი დანაშაულის გამოსაძიებლად. უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილები ისინი, ვინც ამაში მონაწილეობდა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა.
თამუნა შეყილაძე