“საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ”
“2019 წლის პირველ კვარტალში ძალაში შედის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, ვისაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობამ წელს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გამოყო.
გიორგი ქობულიას თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ბევრ ბიზნესსფინანსებზე წვდომის პრობლემას მოუხსნის. მისივე განცხადებით, აღნიშნული სქემის გამოყენებისას გათვალისწინებული იქნება ის პრიორიტეტები, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისათვის. მათ შორისაა, წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრენინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და განვითარება, სამედიცინო მომსახურება, ტურისტული მომსახურება და სხვა.
ცნობისთვის, საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.