NDI: გამოკითხულთა 90% მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბანზე არ იყო შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 92 პროცენტი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე სიტუაცია მოწესრიგებული იყო.
გამოკითხულთა 81 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები, კარგად იყვნენ მომზადებულები.
კითხვას, გადაჭედილი იყო თუ არა საარჩევნო უბანი, კვლევის თანახმად, არ ეთანხმება გამოკითხულთა 83 პროცენტი, ხოლო 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბანზე არ იყო შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო.
ცნობისათვის, „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.