თელავში, რეზერვისტების რიგით მეოთხე გეგმიური შეკრება გაიმართა

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, რეზერვისტების გეგმიური, რიგით მეოთხე შეკრება გაიმართა. რეზერვისტები, რომლებიც მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ირიცხებიან, ორი დღის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიოდნენ. ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, ისინი ტაქტიკური გადაადგილების ხერხებსა და მოხსენების ფორმებს სწავლობდნენ, რის შემდეგაც, ტესტირებისა და შეფასების ეტაპიც გაიარეს.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული პირების შეკრებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. მე-20 კადრირებულ ბრიგადაში, საქართველოში აშშ-ის „ვალიანტის“ (ყოფილი CUBIC- აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) ხელმძღვანელი, გრეგორი კანატა და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენელი, მაიორი კვენტინ დოლი იმყოფებოდნენ. ბრიგადის გენერალმა, შალვა ჯაბახიძემ და ამერიკელმა სტუმრებმა რეზერვის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს.
თელავის პარალელურად, მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის რეზერვისტების შეკრებაც გაიმართა. ორი დღის განმავლობაში პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში რეზერვისტებმა ტაქტიკური გადაადგილება, ათეულის შემადგენლობაში ქვედანაყოფის მართვა ხელის სიგნალებით, თვალთვალი და მოხსენება გაიარეს. რეზერვისტთა შეკრება მათი შეფასებით დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.
სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები