შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კიდევ აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ ვიდეომასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები კიდევ აღმოაჩინა.
“დარჩენილ ფაილებში რამდენიმე ისეთი მასალა აღმოჩნდა, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება და კომისიამ მიიჩნია, რომ მათი განადგურება აუცილებელია. ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს თავად ფაქტზე”, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა. მისივე ინფორმაციით, მასალა დახარისხებულია და გამოყოფილია, რა არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და რა უნდა განადგურდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამო. ქალდანის თქმით, მასალის ძირითადი ნაწილი საგამოძიებო ორგანოების ხელში იქნება, რათა გამოძიება დაიწყოს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია საზოგადოებას ანგარიშს 31 იანვარს წარუდგენს.
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროში 3 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ: ლაშა ტუღუში, თეა წულუკიანი, კახი კახიშვილი, თამარ ქალდანი, ეკა გიგაური, უჩა ნანუაშვილი, ლევან იზორია, ალექსანდრე ჭიკაიძე, ირაკლი შოთაძე და სხვები.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირად ცხოვრების ამსახველი 110 დისკი 2013 წლის 5 სექტემბერს უკვე გაანადგურა. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომისია გასული წლის 14 ივნისს შეიქმნა, რომელსაც იმ დროინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგენლობაში არიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები