“გეგეშიძე ორივე ნაკრებში ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელიც ბიჭებს მოტივაციას უმაღლებდა”
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის თქმით, ეროვნულ გუნდში, მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა არაფერს წყვეტს და მისი პოსტზე ყოფნა ფორმალობაა.
დათუნაშვილის თქმით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ყველაფერს, პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე წყვეტს.
ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ზურა დათუნაშვილს სოციალურ ქსელში სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი გამოეხმაურა.
“პირველად, ლადო გეგეშიძე პარიზში ვნახე. სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ის იყო ნაკრებში მთავარი, კომენტარზე მივედი, ნაკრების მზაობა მაინტერესებდა შეჯიბრის დაწყებამდე. ძალიან ზრდილობიანად მითხრა, თავისი ძმისგან განსხვავებით, რომ ბექა როყვა იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ის მხოლოდ თიმ ლიდერი იყო.
მეორედ, ბუდაპეშტში ვნახე – გამარჯობით. სასტუმროს ფოიეში “ვოლნიკებს” ვაცილებდით საქართველოში. კლასიკები რამდენიმე წუთის ჩამოსულები იყვნენ.
წინა დღეს მარსაგიშვილმა ძალიან ცუდად იჭიდავა და გადაწყვეტილი ჰქონდა, აღარ გაეგრძელებინა, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა. დავინახე, ფოიეში, კუთხეში გაიყვანა და 15 წუთში გამოვიდა და თქვა, რომ მარსაგიშვილი აგრძელებდა ჭიდაობას.
ამ ორი წლის განმავლობაში, გეგეშიძე ორივე ნაკრებში ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელიც ბიჭებს მოტივაციას უმაღლებდა და არა პირიქით, რაც ასევე ბევრი ვნახე და კარნახობდა, როგორ ეჭიდავათ და არა – შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ახლა და ჯერ არ იჭიდაოთი.
მესამედ საქართველოს ჩემპიონატზე ვნახე – გამარჯობა-გაგიმარჯოს ფარგლებში ისევ.
ხო, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე, ზურა ახალი ნაოპერაციები იყო, ფორმაში არ იყო და საკითხავი იყო, იჭიდავებდა თუ არა საერთოდ მომავალში. თუმცა, ნაკრების მწვრთნელებს ერთი წუთი არ დაუყენებიათ ეს საკითხი, რომ ის მსოფლიოზე არ წასულიყო და არც შედეგი უთხოვიათ მისთვის.
ყველამ ვიცით, ზურამ ყველაზე კარგად, რომ ის არ იმსახურებდა ამ მსოფლიოს, იმიტომ კი არა, რომ რამე სხვა მიზეზი იყო, ძალიან მძიმე ჭრილობა მოიშუშა. ფორმაში არ იყო. ოღონდ ჭიდაობისთვის თავი არ დაენებებინა, მსოფლიოზე წაიყვანეს.
ზურამ ეს ხომ ყველაზე კარგად იცის, ჩვენ ხომ იქ ვიყავით და ვიცით?
მაშინაც გეგეშიძემ გადაწყვიტა ეს ყველაფერი და არა როყვამ – ანუ?
მხოლოდ მაშინ არ უნდა ვილაპარაკოთ, როცა ეს გადაწყვეტილებები ჩვენ არ გვაწყობს!””,- აცხადებს ჟურნალისტი.