გია ჟორჟოლიანი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს პოზიტიურად ვაფასებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს. როგორც მან “ქართული ოცნების” ოფისში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ შეხვედრები შედეგს გამოიღებს და უმრავლესობის და საზოგადოების პოზიცია ერთმანეთს დაემთხვევა.
“შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ვიმსჯელოთ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა. მაგრამ ჯერ ეს შეთანხმება არ მოხდა ამ წესებზე, როგორია ეს კრიტერიუმები, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეიძლება რაღაც პრინციპებზე შევთანხმდეთ, რომელსაც შემდეგ დახვეწა დასჭირდეს.
ნათქვამია, რომ ეშმაკი ნიუანსებში იმალებაო, ანუ ნიუანსები არსებითია. მთლიანობაში პროცესს ვაფასებ პოზიტიურად, იმიტომ რომ წინააღმდეგობები, რომლებიც არსებობს, უნდა იყოს საჯარო და ასეცაა. ამაზე მსჯელობა საზოგადოების ჩართვითაც უნდა მიმდინარეობდეს და საზოგადოება ამ პროცესში კიდევ უფრო ჩაერთვება, როდესაც პროცესი არსებით განხილვებზე გადავა. უმრავლესობა აჟღერებს ხალხის განწყობებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროცესი შედეგიანიც იქნება, უმჯობესია ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ უმრავლესობისა და საზოგადოების პოზიცია ერთმანეთს ემთხვეოდეს”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.