ეკა ბესელია: მე პოზიციას არ შევიცვლი

მიზანი არის კონსენსუსი და არა – კონფრონტაციის გაღრმავება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა.
ამასთან, ბესელია ხაზგასმით აცხადებს, რომ კონსენსუსი მისი პრინციპების დათმობის ხარჯზე არ იქნება.
“გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ, არ გავაღრმაოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი. ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა, რომ მიზანი არის კონსენსუსი და არა -კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ იმ პროექტის ინიცირებას მოვახდენთ, რომელსაც დავუჭერთ მხარს. ამიტომ პარლამენტში ორი ვერსია რომ არ გაჩნდეს, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ, შესაბამისად, მეც მზად ვარ აქეთკენ გადავდგა ნაბიჯები, მაგრამ კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ. ეს პრინციპული საკითხი ჩემგან არ შეიცვლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.
როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, სხდომაზე იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეობის კანდიდატებს ხელახლა შეარჩევენ.
გუშინ გამართული სხდომის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გუნდიდან ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერი დეპუტატების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები