დავით ზალკალიანი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბრაზილიელ კოლეგას, ერნესტო არაიუჯოს შეხვდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრაზილიის ახალარჩეული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირველ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბრაზილიის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. აღინიშნა პოზიტიური დინამიკა ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით.
დადებითად შეფასდა ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე მრავალმხრივ ფორმატებში და გამოითქვა მზაობა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლათინური ამერიკის რეგიონში, კერძოდ ვენესუელაში განვითარეულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ოპერატიულ და მკაფიო გადაწყვეტილებას გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერის თაობაზე და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის მიმართ, რათა მან შეძლოს კონსტიტუციურ ფარგლებში ქვეყნის ისეთი ტრანსფორმაცია, როდესაც დაცული იქნება ვენესუელელი ხალხის თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი კონტაქტები მომავალშიც გაგრძელდება, რათა გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე კოორდინირებული და ერთიანი პოზიცია არსებობდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები