პროკურატურა გეგა გეგეშიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
გენერალური პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით, გაასაჩივრებს, – ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო უწყებაში განუმარტეს, დღევანდელ პროცესზე პროკურორმა მოსამართლეს ორი სხვადასხვა შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
კერძოდ, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, პროკურატურა შუამდგომლობაში გამოძიების დასრულებამდე გეგა გეგეშიძის თანამდებობრივ აკრძალვას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის სწორედ ამ ნაწილს გაასაჩივრებს.
შს სამინისტომ 22 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს მიაყენა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 239-ე მუხლით მიმდინარეობს.