უჩა სეთური: 15 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები რადიკალურად შეცვლის ინტერნეტბაზრის მდგომარეობას

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური, „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფებზე ფასების ზრდას ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით, ფასების ზრდის საჭიროება არ იკვეთება.
მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფასები ეტაპობრივად უნდა შემცირდეს.
„ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ტარიფები არა თუ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს. შესაბამისად, საბოლოო სურათი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც კომისია ამ საკითხს შეისწავლის. თუმცა, კომისიის ანალიზის დადებამდეც შეგვიძლია ვთქვათ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღეს გვაქვს, საბედნიეროდ, ბაზარზე. კომისიის გადაწყვეტილებით, 15 იანვრიდან ამოქმედდა რევოლუციური რეგულაცია, რომლის მსგავსიც ბოლო 10 წელია ბაზარზე არ ყოფილა მიღებული. კერძოდ, საუბარია ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რომელიც ზოგ შემთხვევაში – 5-ჯერ,ზოგში კი 10-ჯერ შემცირდა და ეს მხოლოდ საბითუმო ბაზარს არ ეხება. ამ რეგულაციის მიზანი, საბოლოო ჯამში, სწორედ ის არის, რომ ეს ცვლილება საცალო ბაზარზე აისახოს, ანუ მომხმარებლისთვის არსებულ ტარიფებსა და კონკურენციაზე. ეს გადაწყვეტილება საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციას გამოიწვევს. საცალო ბაზარზე იყო დემპინგი და საბითუმოზე იყო შეუსაბამოდ მაღალი ტარიფები. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობდით, 15 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის შედეგად რადიკალურად შეცვლის ინტერნეტბაზრის მდგომარეობას, მაგრამ ამას დრო, დაახლოებით 5-6 წელი დასჭირდება. რეალური ხარჯები ის არის, რაც კომისიამ დათვალა. გუშინ კომისიამ გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და დაველოდოთ რა დასკვნას დადებს ის საბოლოოდ“, – განაცხადა უჩა სეთურმა.
უჩა სეთური კომისიის განცხადებას და მკაცრ ტონს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კომისიის ასეთი მკაცრი პოზიციის შემდეგ, ოპერატორები ფასების ზრდის პროცესს შეაჩერებენ.
„კომისიის ტონი აბსოლუტურად გასაგებია, განცხადების ტონი აშკარად მკაცრია და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის ამ განცხადებაში, კომისიამ იცის, რასაც ამბობს და როგორც ჩანს, კარგად აქვს შესწავლილი პირობები, საცალო ტარიფები და ხარჯების გადანაწილება. ჩემთვის უფრო მეტი რამ ისმის ამ განცხადებიდან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამიტომ ვფიქრობ, რომ კომპანიებმა ტარიფების გაზრდა უნდა შეაჩერონ“, – აცხადებს უჩა სეთური ჟურნალისტებთან საუბრისას.
უჩა სეთურის თქმით, კომისიის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, როდესაც ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე ფასები ძალიან შემცირდა, კომპანიებს ფასების გაზრდის გადაწყვეტილების დასაბუთება ძალიან გაუჭირდებათ.
„რით იყო განპირობებული ფასის ზრდის გადაწყვეტილება, კომპანიებს ამის დასაბუთება ძალიან გაუჭირდებათ. წინაპირობა რა ჰქონდათ, ძალიან საინტერესოა, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბითუმო ბაზარზე ხარჯები განახევრდა კი არა, რამდენჯერმე შემცირდა. მცირე და საშუალო ბიზნესი ჩართული ვართ ამ პროცესში და ცალსახად ვამბობთ, რომ ტარიფების გაზრდის საჭიროებას ვერ ვხედავთ, პირიქით, უნდა გავზარდოთ ინტერნეტის ხარისხი. მცირე და საშუალო კომპანიები ცხადია კონკურენციაში ვართ დიდ მონოპოლისტებთან, გვაქვს დიდი გამოწვევები, თუმცა ჩვენი მხრიდან ფასების გაზრდა არ იგეგმება“, – განაცხადა უჩა სეთურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები