ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესში შესატანი ცვლილებები განიხილა, ისაუბრეს შექმნილ სიტუაციაზე, ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და პოზიციები გააცნეს.
სახალხო დამცველის განცხადებით შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ: 1. მაქსიმალურად ღია უნდა იყოს მოსამართლეთა კანდიდატობის მსურველთა ნომინაციების მიღების პროცესი და ყველა მოსამართლესა თუ არამოსამართლე პირს, რომელსაც აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება; 2. კანდიდატების შერჩევის პროცესში უნდა გაიზარდოს უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების როლი და პარლამენტს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც წარედგინოს. 3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებლად დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი და საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც სურთ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობა, არ ქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, არც თავის სასარგებლოდ და არც კონკურენტთა საწინააღმდეგოდ.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და განიხილოს შესაძლებლობები სახალხო დამცველის როლის გასაძლიერებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესზე, მისი წარმართვისა და შეცდომების თავიდან აცილებისთვის მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.