კახა ბექაური: კომისიას ყველანაირი ბერკეტი აქვს, არაკანონზომიერი ქმედება აღკვეთოს

0

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.
კახა ბექაური ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით ფასების გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„როდესაც ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთად ხდება ასეთი განცხადების გაკეთება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს შეთანხმებული. ჩვენც გვაქვს ეს კითხვა და ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა. ამას ვებრძოდით ჩვენ ამდენი ხანი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევცვალეთ დუოპოლია და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროცესები, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო ფასების შეთანხმება და კარტელური შეთანხმებები. დიდი მუშაობის შედეგად გვგონია, რომ ეს უკან ჩამოვიტოვეთ, შესაბამისად, თუ მსგავსი ნიშნები გამოვლინდება, უმკაცრესი რეაგირება გვექნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ფასები გაიზარდოს. ამასთან კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კომისიას ყველანაირი ბერკეტი აქვს, თუ კომპანიების მხრიდან არაკანონზომიერ ქმედებას ექნება ადგილი, ეს ქმედება აღკვეთონ.

კომენტარები

კომენტარი