დავით მათიკაშვილი: საზოგადოების მაჯის ცემას ადეკვატურად შეხვდა როგორც იუსტიციის საბჭო, ასევე პარლამენტი
მოსამართლეთა მომართვა რეალობის პოზიტიური აღქმაა, რასაც დადებითად ვაფასებ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციით, სიის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ სიის მოსმენა მოხდება და არა განხილვა.
„მოსამართლეთა მომართვა რეალობის პოზიტიური აღქმაა, რასაც დადებითად ვაფასებ. პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, რომელიც კრიტერიუმებს შეიმუშავებს, რითაც შემდგომში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენა მოხდება. კონსტიტუციით, სიის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ სიის მოსმენა მოხდება და არა განხილვა. შემდეგ, კრიტერიუმების გაწერა და კანდიდატების შერჩევა მოხდება. გამარჯვებულ-დამარცხებულზე საუბარი არ არის, მთელი ქვეყანა იმარჯვებს, როცა კრიტერიუმებს ვადგენთ და მოსამართლეებს ვარჩევთ. საზოგადოების მაჯის ცემას ადეკვატურად შეხვდა როგორც იუსტიციის საბჭო, ასევე პარლამენტი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.