გოჩა როსტიაშვილი: ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანა მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფაა
„ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ არც საქართველო იქნება გამონაკლის“, – აცხადებს GMG გლობალ მოტორს ჯორჯიას ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოჩა როსტიაშვილი.
ამასთან, გოჩა როსტიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპენსიო რეფორმის განხორციელებით, საქართველო ევროპის ქვეყნებს დაემსგავსება.
მისი განცხადებით, საპენსიო რეფორმამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ნორმალურია.
„საპენსიო რეფორმამ მაღალი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ეს სრულიად ნორმალურია. მსგავსი მასშტაბის რეფორმა წლებია არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში. როგორც იქნა, ვესმგავსებით ევროპულ ქვეყნებს. მიმაჩნია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივო და აუცილებელია, რადგან მიმართულია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად, ჩემი კომპანია უკვე ჩაერთო საპენსიო სქემაში. რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ წლების წინ ბანკების მიმართ დაბალი იყო ნდობა, დღეს კი ანაბარზე თანხა დაუფიქრებლად შეგვაქვს. როცა განუზომელ რისკებზეა საუბარი, მე, როგორც ბიზნესმენი, ვფიქრობ, რომ ეს იმ მოცულობის ხარჯი არ არის, რომ გავლენა იქონიოს და დააზარალოს მეწარმე! ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა, მე მჯერა, რომ არც საქართველო იქნება გამონაკლისი. შენატანი მოქალაქის და დამქირავებლის მხრიდან იმდენად მინიმალურია, რომ ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საერთო სურათზე. ამის გამო, არცერთი დამქირავებელი არ იტყვის უარს კარგ კადრზე. ამასთანავე, უცვლელი რჩება მოქალაქის სოციალური პაკეტი – სახელმწიფო პენსია, საქართველოს ყველა მოქალაქე, შემოსავლების მიუხედავად, სოლიდარულად მიიღებს პენსიის უცვლელ ოდენობას“, – აცხადებს გოჩა როსტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. რეფორმის თანახმად, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.