მამუკა ბახტაძე: ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს

„ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს.
2019 წელი განსაკუთრებულია – ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რუსეთის საკითხზეც ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ჩემი და საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით პოზიტიურ ბიძგს მივცემთ ახალი ინიციატივების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები