სოფო კილაძე: გერმანია ჩვენი პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში სერიოზულ დახმარებას უწევდა საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური კავშირების გაძლიერებასა და ბუნდესტაგთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.„გერმანია ჩვენი პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში სერიოზულ დახმარებას უწევდა საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ამ ქვეყანასთან”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეხვედრაზე მხარებმა სოციალური პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზეც იმსჯელეს.
„სოციალური პროექტის განხორციელებას UNICEF-თან ერთად ჩემს მაჟორიტარულ ოლქში – „ნახალოვკასა” და ლოტკინზე ვგეგმავთ, რაშიც შესაძლოა, გერმანული მხარე დაგვეხმაროს. მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა რუმინეთში ვფიქრობ, რომ საქართველოში მისი დანერგვით ბევრი ადამიანი დაძლევს არაერთ სოციალურ პრობლემას”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.