“ყაზტრანსგაზის” დაკავებული თანამშრომლის და: აპარატმა სხვა გამოძახებაზე გაჟონვა დააფიქსირა, აფეთქების ადგილას არა
„ჩემი ძმა ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით და ყნოსვითაც. პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული“, – ამის შესახებ დიდ დიღომში, კორპუსში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის დამ, თეონა ტატიშვილმა განაცხადა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები დიდი დიღმის პოლიციასთან იყვნენ მისული, სადაც ადვოკატს შეხვდნენ.
„ჩემი ძმა ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით და ყნოსვითაც. პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან ამბობს, რომ არ მუშაობდა ლიფტი იმ მომენტისთვის, ფეხით ავიდნენ, სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული. არ დაფიქსირდა არც სუნი, არც აპარატმა არ დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ერთ-ერთ გამოძახებაზე ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა, მოხდა კიდეც რეაგირება. ამ კონკრეტულ მისამართზე არ ყოფილა არანაირი გაჟონვა. მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ (რამდენიმე ბიჭი იყო, როგორც ვიცი), რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, – განაცხადა თეონა ტატიშვილმა.
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე დღეს „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.