გია აბაშიძე: „ფრიდომ ჰაუსის” ცალკეულ თანამშრომელზე გარკვეული ეჭვები მაქვს – გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა, ცუდია

ექსპერტი გია აბაშიძე „ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია.
როგორც “კვირასთან” საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ მას საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტულობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა კითხვები უჩნდება მის ცალკეულ თანამშრომელთან, კერძოდ, ნეით შენკანთან.
​გია აბაშიძის ვარაუდით, აღნიშნულმა პირმა წინა კვლევებში იმდენი უზუსტობა ასახა, რომ აჩენს ეჭვს, ხომ არაა ის “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი.
თუმცა, ​როგორც მან აღნიშნა, საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, მართლაც სჭირდება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ხარვეზების აღმოფხვრა.
“ბატონი ნეით შენკანის მოსაზრებები გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. კერძოდ ის, რომ მისი წინა კვლევები გამოირჩეოდა გარკვეული უზუსტობებით, ეს ეხება საზ.მაუს მეორე არხს, თითქოს არ გადასცემდა საპარლამენტო სესიებს, ასევე ტელეკომპანია “იმედს”, რომ თითქოს ის 2012 წლიდან აღარ აკრიტიკებს ხელისუფლებას და ყველაზე უარესი იყო ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსან მსჯავრდებულებზე თქვეს, რომ ისინი პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლნი არიან. კიდევ იყო გასაოცარი ამბავი, როდესაც მათ იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ თითქოს თბილისის საკრებულომ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 2 000-კვ მეტრამდე მიწის ნაკვეთი, თბილისის ცენტრში, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს იყო მიწისქვეშა პარკინგისთვის ფართის გამოყოფა. ამასთან დაკავშირებით კი მან ქართველ ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხი არ გასცა ან კითხვა არ დაასმევინა. ამდენი უზუსტობები ამ ბატონზე, მე მიჩენს ეჭვს, რომ ხომ არ არის მაგალითად “ნაცმოძრაობის” ლობისტი ან ხომ არ არიან მისი წყაროები საქართველოში, ისინი ვინც “დაბეჯითებით” ამბობდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ “გაყალბებული” პასპორტები დაბეჭდა. უბრალოდ მიჩნდება კითხვა, ხომ არაა ბმა. მე ამ ორგანიზაციის ავტორიტეტულობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მის ცალკეულ თანამშრომელზე მაქვს ძალიან დიდი ეჭვები.
​ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ შკალაზე საქართველოს რეიტინგი დაცემულია და გვმართებს მეტი მუშაობა, მაგრამ დასავლელი პარტნიორების დახმარებაც გვაძლევს იმედს. ჩვენ მშენებარე დემოკრატიის ქვეყანა ვართ, გვჭირდება მხარდაჭერა და ხარვეზების აღმოფხვრა. მაგრამ არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა, ძალიან ცუდია”, – განაცხადა გია აბაშიძემ.
ცნობისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018,“ რომელშიც შეფასებულია დემოკრატიის მდგომარეობა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაში. „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებით, 29-დან 19 ქვეყანაში დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი გაუარესებულია. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომლის საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები