ავთანდილ ცინცაძე: დაზარალებულთა რაოდენობა, ვინც მერიას დასახმარებლად მიმართავს, ყოველწუთიერად მატულობს

იმ დაზარალებული ადამიანების რაოდენობა, ვინც მერიას დასახმარებლად მიმართავს, ყოველწუთიერად მატულობს, – ამის შესახებ „კვირას“ საბურთალოს მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი ნათესავთან დარჩა და ყველა მათგანის სასტუმროში გადანაწილება არ გახდა საჭირო, დღეს კი მათი რიცხვი თანდათან მატულობს.
დეპუტატის თქმით, თავდაპირველად სასტუმროების რაოდენობა ორი იყო, ახლა კი ეს რიცხვი გაიზარდა.
„ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. პირველ რიგში, მინდა, გარდაცვლილების ოჯახებს, ნათესავებს, მათ მეგობრებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.
რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანებს, გუშინ ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენ დაგვებინავებინა სასტუმროებში, ეს ადამიანები გადავანაწილეთ. სხვათა შორის, ამ ადამიანების რაოდენობა ყოველ წუთს მატულობს, იმიტომ რომ გუშინ ზოგიერთი ადამიანი ნათესავთან დარჩა. ჩვენ არ ვიცით, მათ როდის შევასახლებთ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება კორპუსის მდგრადობასა და ვარგისიანობის შესახებ – მანამდე ინფორმაცია არ გვექნება. ჩვენ, მერია და გამგეობა, ყველა მოსახლეს, გვერდში ვუდგავართ და ყველანაირი დახმარება, ჩვენი მხრიდან, აღმოჩენილი იქნება“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
მისი თქმით, ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, თუმცა, დათვლის შემდეგ ზარალის ანაზრაურება მოხდება.
„ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, იმიტომ რომ ჯერ ექსპერტები მუშაობენ და ეს ინფორმაცია მათი დასკვნის შემდეგ გვექნება. დასკვნის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდება ზარალის ანაზღაურებაც. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ. იქ არის საუბარი ასევე ბრალეულობაზე, ვისი ბრალი იყო, რანაირად მოხდა – ამაზე გამოძიება მუშაობს და ამ კითხვებზე პასუხსაც გამოძიება გასცემს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში ავთანდილ ცინცაძემ.

ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები