წითელას საგანგაშო სტატისტიკა-როგორია სიმპტომები და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს: ინტერვიუ პედიატრთან

პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში წითელას სერიოზული ეპიდაფეთქებაა. მისი თქმით, საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს.
როგორც ცნობილია, წითელა ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რაც შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში გამოიხატა.
რა სიმპტომები ახასიათებს წითელას და რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს დაავადებამ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “კვირასთან” “ბავშვთა სასწრაფო პედიატრის” ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი ეკა ყიფიანი საუბრობს.
– ქალბატონო ეკა, როგორია წითელას სიმპტომები?
-წითელას ახასიათებს სპეციფიკური კლინიკური მიმდინარეობა. წითელას ტიპური შემთხვევა იწყება ტემპერატურის მომატებით, ტემპერატურას თან ახლავს ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი ანუ თავდაპირველად თავს იჩენს გაციების მაგვარი სიმპტომები. ამ სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ, შესაძლებელია, პირის ღრუში გაჩნდეს წვრილი, მოთეთრო გამონაყარი, სამედიცინო ენაზე ამას ფილატოვ-კოპლიკის ლაქები ჰქვია. ამის შემდეგ კი ჩნდება გამონაყარი. გამონაყარი თავდაპირველად თავს იჩენს შუბლზე, რომელიც შემდეგ, ეტაპობრივად მთელ სხეულზე ვრცელდება. რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.
– რა სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წითელამ?
-უმეტეს შემთხვევაში წითელა ბავშვებში გართულების გარეშე მიმდინარეობს, რაც შეეხება გართულებას, წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, უფრო კონკრეტულად კი ენცეფალიტი, დიარეა, პნევმონია, ოტიტი და ა.შ. ამიტომ აუცილებელია პაციენტი იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები. შესაბამისად, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
-როგორც ცნობილია, ინფექციის გადამდებლობის რისკი ძალიან მაღალია…
– დიახ, გადამდებლობის ალბათობა თითქმის 100% -ია, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყარის დაწყებამდე ოთხი დღის და გამონაყარის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში. როდესაც გამონაყარი იწყებს აქერცვლას, ინფიცირებული საზოგადოებისთვის, პრაქტიკულად, საშიში აღარ არის, გადადების თვალსაზრისით.

-როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, მშობლებს აცრის აუცილებლობის შესახებ…

– დიახ, წითელა არის ვაქცინაციით მართვადი ვირუსული დაავადება. შესაბამისად, აცრა არის უალტერნატივო. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას იმუნიზაცია ორი დოზით ტარდება – ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში. შესაბამისად, აცრის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები