რას აცხადებენ “L ჯგუფში“, რომელმაც ის კორპუსი ააშენა, სადაც ტრაგედია მოხდა
სამშენებლო კომპანია “L ჯგუფში“ „კვირასთან“ საუბარში ადასტურებენ, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში მომხდარი აფეთქება, უშუალოდ მათ მიერ აშენებულ კორპუსში მოხდა.
კომპანია “L ჯგუფმა“ აღნიშნული კორპუსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, საცხოვრებელი ბინების გაყიდვა კი კომპანიამ 2017 წლის ზაფხულში დაასრულა, ამავე წლის ივლისში კი კორპუსს მისამართი – ავთანდილის 8 ნომერი მიენიჭა.
როგორც „კვირას“ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ანა ჯაფარიძემ განუცხადა, კომპანიის დირექტორი და მფლობელი გრიგოლ ჭანტურიაა. „კვირამ“ ჭანტურიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა დირექტორი ამ ეტაპზე მიუწვდომელია და მას ტელეფონი გამორთული აქვს.
კითხვაზე, ხომ არ იყო სამშენებლო სტანდარტები დარღვეული მშენებლობის პროცესში, გაყიდვების მენეჯერი მომხდარის მიზეზად კომპანიის შეცდომას გამორიცხავს.
„2017 წლის ზაფხულში, პროექტი როგორც კი დასრულდა, მე კონტრაქტი დავასრულე „L ჯგუფის“ დირექტორთან და მფლობელთან, გრიგოლ ჭანტურიასთნ. რაც შეეხება იმას, რომ იყო თუ არა რაიმე დაზიანება ჩვენი მხრიდან, როგორც გრიგოლს დღეს ვესაუბრე, დამიდასტურა, რომ ჩვენი კორპუსის მშენებლობის არანირი შეცდომიდან გამომდინარე არ არის ეს ყველაფერი დაშვებული“,- ამბობს მენეჯერი.
მისივე თქმით, თუ რა და როგორ მოხდა, ამას ექსპერტიზა დაადგენს და უფრო კონკრეტული პასუხები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე კორპუსი ექსპლუატაციაში არ იყო შესული. მენეჯერი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.
„ზუსტ ინფორმაციას მე ვერ მოგაწვდით, მაგრამ მსგავსი რაღაცები ძალიან მეეჭვება. კორპუსის მშნებელობის და ფუნდამენტის დაწყების დღიდან დასრულებამდე, აბსოლუტურად ყველაფერი გათვლილი ჰქონდა გრიგოლ ჭანტურიას“, – ამბობს მენეჯერი.
ამასთან, როგორც ანა ჯაფარიძე აცხადებს, მობინადრეების კორპუსში ერთდროულად შესვლა არ მომხდარა და ეს ეტაპობრივად მოხდა.
„მოსახლეეები ერთიანად არ შესულან, იმიტომ რომ მაგალითად, ლიფტი თურქეთიდან, ასევე, რაღაც გარკვეული მასალები ჩამოსასვლეილი იყო საზღვარგარეთიდან – შემდეგ მოხდა. გაყიდვები დასრულდა ზაფხულში, შესახლება კი დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 2017 წლის სექტემბერში მოხდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში სამშენებლო კომპანია „L ჯგუფის“ მენეჯერმა ანა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, 7 კი დაშავდა.
ნინა შადური
