ათეა-მ რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველ ეტაპზე, ბათუმში და ოზურგეთში გამართეს შეხვედრები, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის მხარის მუნიციპალიტეტების წევრებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო.
შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის შემდეგ, საკონსულტაციო შეხვედრები სამეგრელო – ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე იმერეთის მხარეებში გაიმართება.
ათეა-ს ცნობით, ანალოგიური შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა, რის შემდეგაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მოამზადებს მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები