დიმიტრი ცქიტიშვილი მეთოფიშვილზე: მოსამართლემ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს

მოსამართლემ, საბჭოს წევრმა, პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს, ისევე როგორც პოლიტიკოსი სასამართლოში არ უნდა ჩაერიოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებას.
მისი შეფასებით, სერგო მეთოფიშვილი არღვევს თავის პროგრესულ სტანდარტს.
“ყოვლად მიუღებელია. მოსამართლემ, საბჭოს წევრმა პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს, ისევე როგორც პოლიტიკოსი სასამართლოში არ უნდა ჩაერიოს. ეს ის ზღვარია, რომელიც მან არ უნდა გადალახოს. მისი საქმე არ არის პოლიტიკაში გარკვეული პოზიციების დაფიქსირება. ეს ადამიანი არღვევს თავის პროგრესულ სტანდარტს. ის მოსამართლის რეპუტაციას აყენებს ზიანს და მომავალშიც გათვალისწინებული იქნება,” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, დავიცვა ზოგადად სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
სერგო მეთოფიშვილი სახელისუფლებო გუნდის წევრების ნაწილის მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.
მეთოფიშვილი თვლის, რომ ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხმყოფელი განცხადებებით უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები