თეოლოგი: თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა, ანაფორა აცვია, თუ არა

თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, კანონი უნდა აღდგეს და ვინც დაარღვია, ის უნდა დაისაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია, არ აცვია, ხარისხი აქვს თუ არ აქვს, – ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მსგავსი საკითხები კანონით უნდა რეგულირდებოდეს.
„ეს საკითხები კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. მე მომხრე ვარ იმისა, რომ კანონმდებლობა მოქმედებდეს და არა რომელიღაც მღვდლის, თუ მონასტრის წინამძღვრის ნება. მე არ ვიცი, ზუსტად კანონი როგორ და რას არეგულირებს, მაგრამ მე არ მომწონს, რომ ჩვენი ხელისუფლება, იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება, თუ გუბერნატორი, კანონში კი არ იხედება, არამედ ეკლესიის მიმართ რაღაც შიშები აქვს, ვიღაც არ გავანაწყენო და ა.შ. თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, კანონი უნდა აღდგეს და ვინც დაარღვია, ის უნდა დაისაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია, არ აცვია, ხარისხი აქვს თუ არ აქვს. ეს საკითხი ჯობია იურისტებს ჰკითხოთ, ვინ იყო სწორი. მე მომხრე ვარ, რომ ჩვენს ეკლესიას არანაირი პრივილეგიები და უპირატესობები არ ჰქონდეს “, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, გარევაჭრობა კანონით უნდა მოწესრიგდეს.
„შეიძლება ამ გარევაჭრობამ ისეთი ფორმები მიიღო, რაც არ ვარგა. შეიძლება, ტურისტებისთვისაც არაა კარგი. ჩვენ ხომ არ ვიცით, ზუსტად, რა ხდება. შეიძლება, ისეთი კანონები მივიღოთ, რომ გარევაჭრობა უფრო მოწესრიგებული იყოს”, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. ტაძარში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯვრის მონასტერი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ამის მიზეზი სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა.
ჯვრის მონასტრის საძმომ გუშინ განცხადება გაავრცელა და მონასტრის დაკეტვის მიზეზები განმარტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით, მოვაჭრეებმა ავტოსადგომის ტერიტორია დაიკავეს და უკანონო საქმიანობა დაიწყეს, რამაც ადგილზე ანტისანიტარია და განუკითხაობა წარმოშვა.
თავის მხრივ, მცხეთის მერი გოგიტა კაპანაძე აცხადებს, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები