ირაკლი ხმალაძე: თბილისში წელს შესაბამისი სტანდარტების 220 ახალი ავტობუსი შემოვა
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით, მიმდინარე წელს დედაქალაქში 220 ახალი ავტობუსი შემოვა. მისივე განცხადებით, აღნიშნული ავტობუსები შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
„ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი „ისუზუ“-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია. საერთო ღირებულება 69 მილიონ ლარამდეა. მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა.
დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“, – განაცხადა ხმალაძემ.
მან პირველი ტენდერის ჩავარდნის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ შეთავაზებული ავტობუსები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.