თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა (ფოტოკოლაჟი)

200-ზე მეტი სერვისი ადგილიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს − მთავრობის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადიგენისა და მეზობელი სოფლების მკვიდრთ − საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეიდან ადიგენის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურებას ისეთივე მაღალი სტანდარტით მიიღებს, როგორც დიდი ქალაქების მცხოვრებნი.
საზოგადოებრივი ცენტრი ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში (ზარზმა, აბასთუმანი, წრე, ზანავი, გომარო, მლაშე, გორგული, იმერთუბანი, ლელოვანი, ამხერი, ღორძე, სამყურე, კახარეთი, ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა, უტყისუბანი, ფლატე, საირმე, ჭელა, ჭეჭლა, კეხოვანი, მოხე, ციხისუბანი, ნამნიაური, გორთუბანი, ზედუბანი, აფიეთი, დერცელი და კიკიბო) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.
საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ., აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის” და „ლიბერთი ბანკის” − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. დღეისათვის, ადიგენის გარდა, პრობაციის სერვისების მიღება საჩხერის, წნორის, წალკისა და დმანისის საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, ადიგენის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ.
ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საიუბილეო-საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადიგენის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 59 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს.
დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერეში, წნორსა და დმანისში.

 

ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები