ნატა ძველიშვილი კახა კუკავას განცხადებაზე: მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება, თუ ის არგუმენტირებული არ არის სპეკულაციად ჩაითვლება

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, ჟურნალისტების, გამოცემის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება უნდა იყოს დასაბუთებული, სხვა შემთხვევაში ეს ბრალდებები, უბრალოდ, სპეკულაციად შეფასდება.

შესაბამისი კომენტარი ნატა ძველიშვილმა “კვირასთან” იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც პოლიტიკოს კახა კუკავას მიერ მედიაჰოლდინგის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” განმარტავენ, რომ ჟურნალისტს კანონმდებლობა წყაროს დასახელებას არ ავალდებულებს და შესაბამისად, თუ მედიის წარმომადგენელი წყაროს კონფიდენციალობის დაცვას გადაწყვეტს, არავის აქვს უფლება მას ამ კუთხით რაიმე დაავალდებულოს.

“საქართველოს კანონმდებლობით წყარო არის დაცული და ჟურნალისტს არ აქვს ვალდებულება გაამჟღავნოს წყაროს კონფიდენციალობა. შესაბამისად, თუ ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ წყაროს ვინაობა არ უნდა დაასახელოს, მას ვერავინ მოსთხოვს, რომ ეს არ გააკეთოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წყარო ბუნებაში უნდა არსებობდეს, ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული. მოსაზრების და ეჭვების გამოთქმის უფლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არი ნიშნავ იმას, რომ ჟურნალისტს წყაროს გამხელა მოსთხოვო. თუ “კვირას” მიაჩნია, რომ კახა კუკავამ ცილი დასწამა, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და უკვე ამაზე იდავოს. კახა კუკავა პოლიტიკოსია, მას აქვს უფლება შეაფასოს მოვლენები, გამოთქვას ეჭვი, მათ შორის “კვირასთვის” მიუღებელი მოსაზრებებიც, თუმცა კარგი იქნება თუ ის ამ ეჭვს დაასაბუთებს, რადგან მე,მომხრე ვარ იმის, რომ ჟურნალისტების, გამოცემის, მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება, ბრალდება იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. სხვა შემთხვევაში, ეს უბრალოდ, სპეკულაცია იქნება”, – ნატა ძველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი კახა კუკავა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით „კვირას“ ექსკლუზიურ მასალას, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გამოეხმაურა:

„როგორც იურისტმა, მინდა განვმარტო, რომ „კვირა.ჯიმ“, თავისი საპროკურორო წყაროებით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, არამარტო იმიტომ, რომ ფორმალურად გამოძიების დაცული მასალები გაასაჯაროვა, არამედ, მთელი საქართველო, თუნდაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც „თიბისი ბანკში“, თავისი „ნაწვალები“ კაპიკები ანაბრების სახით აქვს გახსნილი, დადის ახლა, კითხულობს, რა ვქნათ „თიბისიდან“ გამოვიტანოთ ფული და გადავიტანოთ თუ არა სხვა ბანკშიო. აი, ის ოპერაცია, რაც ჩაატარა პროკურატურამ, რომ „კვირა.ჯის“ – თავის სამთავრობო პორტალს, მისცა ის ინფორმაცია, სადაც მთელი სისხლის სამართლის დეტალები იყო გაწერილი. ეს არის ცალკე სისხლის სამართლის დანაშაული და ის პროკურორი, რომელმაც ეს ინფორმაცია ჟურნალისტს მიაწოდა, უნდა ჩაჯდეს ციხეში.
ჯერ ერთი, რომ ფორმალურადაც დანაშაულია, და მეორე – ეხება ისეთ მგრძნობიარე სფეროს, როგორიცაა საბანკო სისტემა, რომელიც შეიძლება დაანგრიოს. უბრალოდ, კლიენტების უნდობლობა ეს არის ცალკე დანაშაული და მე მგონი, არავის არ გვინდა იმ დროში დაბრუნება, როცა „ოქროს თასი“ და მსგავსი რაღაცები გაიხსნა და მერე ათასობით მეანაბრე ჰაერში დატოვეს“, – განაცხადა კახა კუკავამ გადაცემა „ბარიერში“.

 

https://www.youtube.com/watch?v=nqJSnJXud2U

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები