ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციოელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, შენარჩუნებულია ზვავსაშიშროების რეჟიმი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები