უცხოური ტურიზმიდან გასული წლის შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს

გასულ წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, 2017 წელთან შედარებით, ზრდა 9.8%-ს შეადგენს. ამასთან, 2018 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა 16.9%)

როგორც მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ესტონეთი (+80%), სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%) იტალია (+30%) და სხვ.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა (+112%), ჩინეთი (+75%), ბელარუსი (+43%), ისრაელი (36%), ქუვეითი (+34%), ყაზახეთი (+25%) და აშშ (+25%).

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

“2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, 7.6%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები