„ჩემი საქმიანობით, ცოტათი მაინც ვცვლი სამყაროს“ – ინტერვიუ ჯგუფ „ინტერვალის“ გიტარისტ დავით კიკნაველიძესთან
ჯგუფი „ინტერვალი“ ქართულ მუსკიალურ სივრცეში ახლახან გამოჩნდა. 2018 წლის მარტში შექმნილმა ბენდმა ახალგაზრდებში უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის ჯერ კიდევ არ არის კარგად ცნობილი. „ინტერვალი“ ალტერნატიულ მუსიკას ქმნის, რომლითაც ჯგუფის წევრები საკუთარი მსოფმხედველობის, იდეოლოგიის ჩვენებას მსმენელისთვის ცდილობენ. ბენდმა პირველი სინგლი „მუსიკალური ზღვა“ 8 მაისს გამოუშვა და მას შემდეგ აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტში. ახლა ბენდის წევრები სიმღერების სტუდიური ვერსიებისა და კლიპების ჩაწერაზე მუშაობენ. ჩვენი ინტერვიუ ბენდის ერთ-ერთ წევრთან – დავით კიკნაველიძესთანაა. მან ისაუბრა საკუთარ შეხედულებებზე მუსიკაზე, მსმენელზე და რა თქმა უნდა, „ინტერვალზე“.
-თქვენი და მუსიკის „ურთიერთობაზე“ საუბრით დავიწყოთ. რა არის თქვენთვის მუსიკა და რა მოგწონთ ყველაზე მეტად მუსიკის შექმნაში?
-მუსიკა ჩემთვის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, იდეა, რომელსაც აწვდი ხალხს, რაღაც გარკვეული ბგერების საშუალებით. რეალურად, მუსიკის შექმნისას არც ვუფიქრდები, თუ როგორ აღიქვამს მას მსმენელი, უბრალოდ, მე ვღებულობ სიამოვნებას როგორც ინსტრუმენტალით, ასევე ლირიკით და ვფიქრობ იდეაზე. იმ იდეაზე, რომლის გამოხატვაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ყველაზე სასიამოვნო ეტაპი ალბათ ბენდში მუშაობაა. ხშირ შემთხვევაში შენს სიმღერაში ბენდი, ყოველთვის თავისთვის რაღაც ახალს ხედავს და ცდილობს თავისი ინდივიდუალიზმი შემატოს, თავისი ხედვა მკაფიოდ აჩვენოს თითეულ ინსტრუმენტში და გრძნობა ღიად გამოხატოს, მაშინ უკვე სიმღერა ხდება არა ვინმეს კუთვნილება, არამედ უშუალოდ ბენდის.
-თქვენ, როგორც მუსიკოსი, რას ფიქრობთ თანამედროვეობაზე? მოგწონთ თუ არა ის სივრცე, რომელშიც ქმნით მუსიკას ან თუ ისურვებდით სხვა ეპოქაში გეცხოვრათ, რადგან ის უფრო საინტერესო შეიძლება ყოფილიყო თქვენთვის, როგორც შემოქმედისთვის?
-ეპოქას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ყოველ ეპოქაში რაღაც ხდება და ხელოვნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპოქის ამბებს არ ირეკლავს, ასტრალურ პლანზე არ აქვს მნიშვნელობა დროსა და სივრცეს. ის იდეა, რომელიც არის ჩვენს მუსიკაში, სწორედ ამას ეხება. თუმცა მხოლოდ ამაზე არ ვწერთ და რა თქმა უნდა, გარემო და ადამიანური ყოფაცხოვრება ახდენს გავლენას ჩემს გამოხატულებაზე. კითხვაზე მომწონს თუ არა ის სივრცე, რომელშიც ვქმნი მუსიკას, ასე გაგცემ პასუხს, როდესაც ჩემს მუსიკაში ამ სივრცეზე ვსაუბრობ, იმიტომ ვსაუბრობ, რომ მომწონს ან არ მომწონს. არ არსებობს იდეალურობა, ყველგან არის ნაკლი და მინუსები, რომლების დანახვა და აღქამც უნდა შევძლოთ, თუმცა ხშირად მინუსებიც ჩვენი ტკბობის რაღაც მიზეზია და ამიტომ, ვერ ვისაუბრებ კონკრეტულად სიმპატიაზე თუ ასიმპატიაზე.
-გვინდა, უშუალოდ ბენდზე გკითხოთ. თქვენი აზრით, რა არის ის, რაც „ინტერვალს“ სხვა ქართული ბენდებისგან გამოარჩევს? რა არის თქვენი, როგორც ჯგუფის, მამოძრავებელი ძალა?
-ჩემი აზრით, ყველა ბენდი გამოირჩევა ერთმანეთისგან. ის ბენდებიც კი, რომლებიც ბაძავენ სხვებს, ისინიც გამოირჩევიან. რაც შეეხეა ჩვენი ბენდის გამორჩევას, ეს უკვე უშუალოდ მსმენელის განსასჯელია. ჩვენი ბენდის მამოძრავებელი ძალა ჩვენს იდეოლოგიაში და ურთიერთდამოკიდებულებაშია. ჩვენ ვეხებით სხვადასხვა თემებს – ადამიანური გრძნობებიდან დაწყებული, ასტრალური სამყაროთი დამთავრებული.
-როგორც აღნიშნეთ, თქვენი მუსიკა თქვენივე ბენდის იდეოლოგიაზეა დაფუძნებული. რა არის მთავარი მიზანი მუსიკისა, რომელსაც ქმნით? რა გსურთ, რომ მსმენელმა იპოვოს თქვენს შემოქმედებაში?
-პირველი მიზანი ამა თუ იმ სიმღერის, ავტორის ან ავტორების, ის არის, რომ მთელ ბენდს აგრძნობინონ და დაანახონ ესა თუ ის იდეა და გაუღვიძონ ამ იდეის ინდივიდუალური აღქმა, რის მერეც ხარისხიანად მიაწოდონ მსმენელს პროდუქტი. შემდგომ, მუსიკა მსმენელის ხელში უკვე კითხვის ნიშნებს უნდა აჩენდეს, გარკვეულ ინტერესს ბადებდეს, რომელიც შემდგომ დააფიქრებს სწორედ იმაზე, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულა.
-მუსიკის ინდივიდუალურ აღქმაზე ისაუბრეთ და მინდა, თქვენს ყველაზე ცნობილ სიმღერაზე „მუსიკალურ ზღვაზე“ გკითხოთ. რაა „მუსიკალური ზღვა“ პირადად თქვენთვის?
-„მუსიკალური ზღვა“ უბრალოდ სიმღერაა… „მუსიკალური ზღვით“ ვცადე გამომეხატა იმ მომენტში ჩემი სულის მდგომარეობა, ხედვა და განცდა მთელი თავისი ემოციურობით.
-რა უფრო სასიამოვნოა მუსიკოსისთვის: მუსიკის შექმნა, თუ მისი შესრულება აუდიტორიის წინაშე? და რას განიცდით როდესაც მუსიკით საკუთარ მსმენელს უკავშირდებით?
-ორივე თავისებურად სასიამოვნოა და მეტად ვერც ერთს განასხვავებ, სწორედ იმიტომ, რომ რადიკალურად სხვადასხვა განცდებია. ერთი, უბრალოდ, კმაყოფილებაა საკუთარი შემოქმედებით. მეორე კმაყოფილებაა, კმაყოფილი ხალხით, რომელიც სიამოვნებას იღებს შენი შემოქმდებით. რეალურად, აღუწერელი განცდაა, როდესაც შენს ამა თუ იმ მდგოამრეობას, ხედვასა თუ გრძნობას, ზოგჯერ გაუაზრებლადაც კი, მსმენელი იაზრებს. აქამდეც ვთქვი, ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, მაგრამ ფაქტია: აღიქვამს. ხალხს სიამოვნებს მისი მოსმენა და არ რცხვენია ამ სიამოვნების გამოხატვა. თითოეული ნამღერი სიტყვა პუბლიკიდან, თითოული აპლოდისმენტი მეტ დაჯერებულობას მაძლევს, იმაში, რომ ჩემი საქმიანობით, ცოტათი მაინც ვცვლი სამყაროს.
-როგორია თქვენი პერსპექტივა ბენდის მომავალზე? სად ხედავთ „ინტერვალს“ წლების შემდეგ?
-არვიყურები ასე “ინტერვალის” ომავალში, უბრალოდ, ახლა და აქ, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს.
მარიამ რაზმაძე