“არემჯიმ” დაბა კაზრეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა
დაბა კაზრეთის კულტურის სახლს კომპანია „არემჯის“ მოწვევით მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები” ესტუმრა და ახალგაზრდებისათვის კონცერტი გამართა.
როგორც “კვირას” კომპანია “არემჯიდან” აცნობეს, საუკეთესო საახალწლო განწყობის შესაქმნელად, კულტურის სახლის დახმარებით წინასწარ გამოკითხეს ბავშვები, რომლებმაც არჩევანი „რეზო და ბავშვებზე“ შეაჩერეს.
ახალგაზრდებისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები სცენაზე დაახლოებით 2 საათი ჟღერდა, მუსიკოსებმა მხურვალე ტაში არაერთხელ დაიმსახურეს, კონცერტის ბოლოს კი საფინალო სიმღერა სცენაზე ბავშვებთან ერთად შეასრულეს.
„ეს არის რეგიონი, რომელიც ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩვენი პატარებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის მცდელობა იქნება დაფასებული და მჯერა, რომ 2019 წელი იქნება უფრო წარმატებული, უკეთესების მომტანი როგორც ბოლნისის რაიონისათვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს”,- განაცხადა „არემჯის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა.
„რეზო და ბავშვების“ სოლისტის, რეზო ბლიაძის თქმით კი, ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება.
„საყვარელი დარბაზი, ენერგიული ბავშვები, რომლებმაც განაპირობეს საუკეთესო განწყობა და გადმოგვცეს ჩვენ ეს დადებითი მუხტი. მადლობა ყველას დღევანდელი დაუვიწყარი დღისათვის. კაზრეთში გამართული კონცერტი დიდხანს გვემახსოვრება”, – განაცხადა რეზო ბლიაძემ.