რეანომობილით ნარკოტიკების შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ირაკლი ქორიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 მარტს დააკავა. თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი გიორგანაშვილი კი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დღეს გაამართლა.
გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის მას სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის პატიმრობაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ 2 აპრილს ახალი ბრალი წაუყენა. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ედებოდა.
„პოლიციის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს“, – ნათქვამი იყო შინაგან საქმეთ სამინისტროს გავრცელებულ მიერ 30 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები