გია ვოლსკი: ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა თვალსაჩინო იქნება
„ქუთაისი ფეხზე ძლიერად მდგომი ქალაქი იქნება“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, როგორც დეპუტატი განმარტავს, ქუთაისისთვის პარლამენტის თბილისში გადატანა დანაკლისი არ იქნება.
ვოლსკის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ფუნქციის საკითხიც უკვე გარკვეულია.
„რაც გვაწუხებდა, ამ შენობის ფუნქცია იყო. ეს საკითხი გარკვეულია. საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის კონტურები ძალიან ფერმკრთალი იყო, ახლა ერთი საკითხიც და მეორეც გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა თვალსაჩინო იქნება. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ცენტრის არსებობა. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ სატრანსპორტო ცენტრიც არის, რომელიც, ასევე მნიშვნელოვანწილად გაფართოვდება“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, პერსპექტივაში ქუთაისი ფეხზე ძლიერად მდგომი ქალაქი იქნება.
საგაზაფხულო სესიიდან საქართველოს პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში განაგრძობს. ქუთაისის პარლამენტის შენობაში კი, საპოლიციო ჰაბი შეიქმნება.