ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე

უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი მოსამართლეები მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ამ კრიტერიუმებს მურუსიძე ვერ აკმაყოფილებს.
​მან იუსტიციის საბჭოს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე.
„ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ საკითხის განხილვისგან, ვიდრე მკაცრად არ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ იქნება არჩეული. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გავლილი საზოგადოებრივი ტესტი, საკანონმდებლო ფილტრი. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი და პლუს პროფესიული. მე არ ვფიქრობ, რომ მურუსიძე აკმაყოფილებს მორალურ კრიტერიუმს, ის იყო ადეიშვილის მოსამართლე. ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაჩერდა, რადგან ჯერ უნდა იყოს გაწერილი მათი არჩევის კრიტერიუმი. იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები გასაუბრებას დღეს გაივლიან, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძეცაა.
ის ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებს. სასამართლოს მეორე ინსტანციაში მურუსიძე 2016 წლიდან არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები