ბათუმში მამაკაცი სავაჭრო ობიექტებს ცეცხლს უკიდებდა-ეჭვმიტანილი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
 
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.
 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
 
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები