პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განმარტა, არსებული კანონი ითვალისწინებს შვიდ უსაფრთხოების სფეროს. ესენია: სახელმწიფო თავდაცვა; საგარეო უსაფრთხოება; შიდა უსაფრთხოება; სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება; ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ინფორმაციული უსაფრთხოება და მართლწესრიგი.
„ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, როდესაც გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელ ორგანოდ განსაზღვრული არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც არ ჰყავს ის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც შვიდივე უსაფრთხოების სფეროს საკითხებს გაუწევდა კოორდინაციას და ამ დარგში პოლიტიკას განახორციელებდა. ამოსავალი წერტილი იყო ამ მაკოორდინირებელი ორგანოს ჩამოყალიბება”, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციას, პროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გაუწევს, რომელშიც შევა რვა მუდმივმოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. ესენი არიან: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის პრემიერ მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. ასევე, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი”, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას პრემიერ მინისტრი ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს.
„დღეს, ეროვნულ სიტუაციურ ოთახს იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით. თუმცა,წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ის არამხოლოდ საგანგებო სიტუაციების, არამედ სხვა კრიზისული ვითარების (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის) სტრატეგიულ დონეზე მართვის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
„ეს არის ოთახი სადაც ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ სხვადასხვა უწყებებიდან ერთდროულად ასამდე თანამშრომელი, იმისთვის,რომ უსაფრთხოების ერთიანი სურათი შევქმნათ და გავაანალიზოთ ინფორმაცია, რომელიც შემოდის სხვადასხვა უწყებიდან”, – განაცხადა ეროვნული სიტუაციური ოთახის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.
პროექტის თანახმად, საბჭოს ეყოლება ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით. წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტატუსის, უფლებამოსილებების, მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმებული იქნებიან როგორც საჯარო მოსამსახურეები, ასევე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები. იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, გავრცელდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და შეზღუდვები. საბჭოს აპარატის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქვეყნაში იქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის სტრუქტურისა და კომპეტენციების განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იქნა საზღვარგარეთის კერძოდ, ჩეხეთისა და სლოვენიის პრაქტიკა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, წარმოდგენილ ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები