წყნეთში, ციხის თანამშრომლების დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ყ., დამამძიმებელ გარემოებაში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს: 1975 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს, 1977 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.ყ. თბილისში, კრწანისში დააკავეს.
პოლიციამ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები